(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი მომხმარებელს ახალ პროდუქტს-ევროპულ დაზღვევას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი ავრცელებს.

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ სადუნაშვილის განცხადებით, ავტომობილის ევროპული დაზღვევის პოლისი დამუშავდა ევროპული გამოცდილების გაზიარებით და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. „ევროპული პოლისი“ შეთავაზებული იქნება საშუალო და მაღალი ღირებულების მქონე ავტომობილებისათვის. ამ პოლისის შემუშავების დროს გათვალისწინებულია ევროპული პრაქტიკის თანამონაწილეობის პრინციპიც.

„პაკეტის ფარგლებში ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ რეგისტრირებული ავტომობილების და ასევე, მათი არასრული წლით (მოკლევადიანი) დაზღვევა. აღნიშნული პოლისი 25% -ით უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე საქართველოში ფართოდ გავრცელებული ავტოკასკო.

გარდა ხელმისაწვდომობისა, პოლისის პირობები უზრუნველყოფს სადაზღვევო ინტერესების რაციონალურ და ობიექტურ გადანაწილებას დამზღვევსა და მზღვეველს შორს. პროდუქტი, თავისი არსით, ინოვაციურია საქართველოს ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ ბაზართან ადაპტაციას და სადაზღვევო კულტურის განვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სადუნაშვილის განცხადებით, ვინაიდან ევროპული კულტურა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული პირობების შეთავაზებასაც გულისხმობს, ევროპული დაზღვევით მოსარგებლეები საჩუქრად, ევროპის ფარგლებში, სამოგზაურო დაზღვევას მიიღებენ.