(+995 32) 2 244 111     info@igg.ge

რამდენიმე დღის წინ 12-მა სადაზღვევო კომპანიამ "საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად" მთავრობას მიმართა. სადაზღვევო სექტორის და დაზღვევის საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობების გავრცელებას ითხოვენ და ამისთვის მთავრობას და საკანონმდებლო ორგანოს საბანკო სექტორზე გარკვეული რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. რატომ ხედავს აღნიშნულის საჭიროებას ინდუსტრია და რამდენად აქტუალურია ეს თემა დღეს, ამაზე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის დამფუძნებელი არჩილ მორჩილაძე საუბრობს.

- ბატონო არჩილ, სადაზღევო ინდუსტრია ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში აქტივების ფლობის შეზღუდვას ითხოვს. რატომ გახდა ეს პრობლემა დღეს აქტუალური სადაზღვევო ინდუსტრიისთვის და აქამდე რატომ არ აყენებდით ასე მწვავედ ამ საკითხს?

- სადაზღვევო ინდუსტრია ბოლო 20 წელიწადია ელოდება ამ სფეროს განვითარებას. სახელმწიფოს მხრიდან უკვე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები; კერძოდ, დაიწყო საზღვრებზე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა, ინერგება საჯარო ობიექტებისა და აგროდაზღვევის პროდუქტები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ავტომფლობელთა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღება, რაც ერთ-ერთი ევროდირექტივაა და ქვეყანამ 2020 წლამდე უნდა შეასრულოს. სანამ ეს კანონი შემოვა, თუ დამოუკიდებელ სადზღვევო კომპანიებს არ მიეცათ კონკურენტულ გარემოში ოპერირების საშუალება, ჩვენი მოსახლეობა ისევ აღმოჩნდება რამდენიმე ძირითადი ბანკის დაზღვევის ან მასთან აფილირებული სადაზღვევო კომპანიის მძევალი. (ვგულისხმობ, როგორც ფასის სიდიდეს, ასევე სერვისის ხარისხს).

- სადაზღვევო ინდუსტრიის განცხადების საპასუხოდ, თიბისი ბანკმა და ბიზნეს ასოციაციამაც დააფიქსირა პოზიცია, რომ კონკურენციის კანონი ბანკებზე არ უნდა გავრცელდეს. თქვენი პოზიცია როგორია? რა არგუმენტები არსებობს ამის საპირისპიროდ?

- ბიზნეს ასოციაციის პოზიცია ბანკების სასარგებლოდ დაფიქსირდა; არ მინდა ვიფიქრო, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ ამ ორგანიზაციის ყველაზე დიდი დონორები ბანკები არიან. ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი განცხადებით, ბიზნეს ასოციაცია ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 0.5 %-ის ვიწრო ფინანსურ ინტერესს იცავს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვესმის საბანკო სფეროს მნიშვნელობა და მისი ადგილი ქვეყნის ეკონომიკაში, მაგრამ თიბისი ბანკის განცხადება, რომ მათზე კონკურენციის კანონი არ უნდა გავრცელდეს, არის უპრეცედენტო. ისინი თვლიან, რომ არაკონკურენტულ გარემოშიც კი მათი სერვისით მომხმარებელი მხოლოდ მოიგებს. ეს ცხადია, მთლიანად ეწინააღმდეგება ყველანაირ წარმოდგენას საბაზრო ეკონომიკაზე. ვფიქრობ, ასეთ მიდგომაზე შეფასება, სწორედ, მომხმარებელმა უნდა გააკეთოს. რა მდგომარეობაც დღეს გვაქვს საპროცენტო განაკვეთების თუ სახელშეკრულებო ურთიერთობების სფეროში ბანკსა და კლიენტს შორის, ზუსტად ეს შედეგი დადგება დაზღვევაშიც. ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, დოვლათის გადანაწილების კუთხით, სავალალოა (პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი, ყველაზე- ცუდი) და საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. მკვლევართა აზრით, სწორედ დოვლათის გადანაწილების ე.წ. ჯინის ინდექსის მაჩვენებელია მჭიდრო კავშირში სოციალური მღელვარებასთან [social unrest]. ჯინის ინდექსი საქართველოში 0.42 ია და ეს მაჩვენებელი მიანიშნებს შემოსავლების ისეთ უთანასწორო გადანაწილებას, რომელმაც შესაძლოა, საზოგადოების მღელვარება გამოიწვიოს. ეს პრობლემა ასახულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში. ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ეს მუდამ უნდა ახსოვდეთ და ხელს უნდა უწყობდნენ ასეთი მდგომარეობის გამოსწორებას.

- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

აქ ლიდერის როლი სახელმწიფომ უნდა იკისროს; აუცილებელია, ქვეყნის განვითრების იმ ფორმით დაგეგმვა, რაც ქვეყანაში დოვლათის განაწილების კუთხით, მდგომარეობას გააუმჯობესებს. დღეს სადაზღვევო სექტორისთვის უმთავრესია კონკურენტული გარემოს შექმნა, რათა ბანკებთან აფილირებულ თუ არააფილირებულ ყველა კომპანიას მიეცეს თანაბარ პირობებში ოპერირების საშუალება. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე პრეფერენციას. ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი ბანკების დომინანტური მდგომარეობის კუთხით, გამოიყენოს წარმატებული ქვეყნების მაგალითები და რაც შეიძლება მალე შეცვალოს კანონმდებლობა.

2018